სორენ კირკეგორი

20 Jun

Soren

სორენ კირკეგორი – დაიბადა 1813 წლის 5 მაისს კოპენჰაგენში. იგი იყო მეშვიდე და უკანასკნელი ბავშვი იყო. სორენის მამა მიქაელი ტრაგიკული ბედისა და ტრამვირებული სულის ადამიანი იყო. თავის ცხოვრებისეულ ტრაგედიას ეს კაცი უკავშირებდა ბავშვობაში ჩადენილ უმძიმეს ცოდვას, როცა ათი წლის ბავშვმა გაჭირვებული ცხოვრების გამო დაწყევლა ღმერთი. გავიდა ხანი. ჩხვრის მწყემსის მძიმე შრომა მიქაელს შეეცვალა სავაჭრო საქმიანობით თავისი ბიძის დუქანში.

მოწიფული მიქაელი იწყებს კომერციულ საქმიანობას და ჩქარა დიდ წარმატებებსაც აღწევს, იძენს იმდენ ქონებას, რომ ორმოცი წლის ასაკიდან თავს ანებებს სავაჭრო საქმიანობას და თავისი კაპიტალის შემოსავლით ცხოვრობს. ხოლო სიკვდილის შემდგომ მამა სორენს უტოვებს საკმაოდ დიდ თანხას, რაც საშუალებას აძლევს მას არამარტო კომფორტული ცხოვრებისას მდივნითა და მოსამსახურით , არამედ, აგრეთვე ყველა მისი თხზულების საკუთარი ხარჯით გამოცემისას. მაგრამ მიუხედავად ეკონომიკური წარმატების მიქაელი მაინც ტრაგიკული პიროვნება იყო. მას დაეღუპა მეუღლე და ყველა ბავშვი კირკეგორამდე , ერთი ვაჟის (მომავალი ეპისკოპოსის) გარდა. სორენი მიქაელს შეეძინა მეორე ცოლისგან, თავისი ყოფილი მსახურისგან, და როგორც ბიოგრაფები აღნიშნავენ, სორენი დაიბადა მიქაელის და ანას ქორწინებიდან ცოტა ხნის გავლის შემდეგ, იმაზე ბევრად ადრე ვიდრე კანონი ითხოვს. თავისი ყოფილი მსახურის, სორენის დედის შეცდენას მიიჩნევდა მიქაელი თავის მეორე დიდ ცოდვად და მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების, ლოცვასა და მონანიებაში გატარების მიუხედავად, თავის თავს ღმერთისაგან მოკვეთილად თვლიდა. მოგვიანებით როცა სორენამა გაიგო, მამის ცოდვების შესახებ, მან მოურჩენელი სულიერი ტრამვა მიიღო. თავის დღიურში ს.კირკეგორი თავისთავს “დანაშაულის შედეგად გაჩენილსა” და “ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ ქვეყნად მოვლინებულს” უწოდებს.
ყმაწვილი სორენის მთელ სულიერ-გონებრივ აღზრდას, ხელმძღვანელობდა მამამისი. სორენი სკოლაში სწავლას იწყებს 6 წლის ასაკში. 17 წლის სორენი მამის სურვილით ირიცხება კოპენჰაგენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტად. მაგრამ თეოლოგიამ სორენი ვერ დააინტერესა, მას უფრო ესთეტიკა იტაცებდა და ამის გამო მისი სტუდენტობა ამ ფაკულტეტზე მთელ 10 წელს გაგრძელდა. ხანგრძლივი სტუდენტობის წლებში სორენი ეწეოდა ქარაფშუტულ, ბოჰემურ ცხოვრებას. საღვთისმეტყველო ტრაქტატების კითხვას ამჯობინებდა თანამეინახეებთან ერთად რესტორნებში სიარულს.
ს.კირკეგორის ცხოვრების ყველაზე მნიშიშვნელოვანი მოვლენაა რეგინა ოლსენთან მისი ურთიერთობა. ეს 14 წლის ქალიშვილი, კირკეგორმა გაიცნოო 1837 წლის მაისში, 24 წლის ასაკში. რეგინას უშუალო, ხალისიანი, ცოცხალი ხასიათი კარგად შეეეწყო სორენის ნერვიულ, ირონიულ, პრეტენზიულ ბუნებას და მათ ერთმანეთი შეიყვარეს. გაცნობიდან სამი წლის შემდეგ, ისინი დაინიშნენ. მაგრამ, როგორც კირკეგორის დღიური მოწმობს, მან მეორე დღესვე ინანა ეს ნაბიჯი. დანიშვნიდან ერთი წლის თავზე, რეგინასთვის მოულოდნელად სორენმა მას უკან დაუბრუნა, ნიშნობის ბეჭედი გამოსათხოვარ წერილთან ერთად, სადაც ეწერა : “მოუტევე კაცს, რომელსაც იქნებ რაიმე უნარი კიდეც ჰქონდეს, მაგრამ არ ძალუძს ქალიშვილის გაბედნიერება.” ს.კირკეგორის ეს გადაწყვეტილება არალოგიკური და აუხსნელი იყო იმის გამო, რომ სორენის მიერ რეგინას მიტოვება სორენის მხრიდან გრძნობათა გაციების შედეგი არ ყოფილა. ს.კირკეგორის ეს გადაწყვეტილება არალოგიკური და აუხსნელი იყო იმის გამო, რომ სორენის მიერ რეგინას მიტოვება სორენის მხრიდან გრძნობათა გაციების შედეგი არ ყოფილა. კირკეგორისთვის რეგინა ოლსენი იყო ერთადერთი ქალიშვილი და ცხო-ვრების ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. განშორებიდან ერთი წლის შემდეგ იგი თავის დღიურში წერს, რომ “მას შემდეგ არც ერთი დღე არ გასულა, რომ არ მეფიქროს მასზე დილიდან დაღამებამდეო.” სამი წლის შემდეგ კი მან თავის დღიურში აღნიშნა, რომ მას რეგინა ყველაზე მეტად მაშინ უყვარდა როცა მიატოვა. თავის მამასთან ერთად ს.კირკეგორი , რეგინა ოლსენს მიიჩნევდა იმ ადამიანად, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.
განშორებიდან ექვსი წლის შემდეგ რეგინა გათხოვდა, თავის ყოფილ მასწავლებელს და თაყვანისმცემელ ფრიც შლეგელზე, რომელიც შემდეგში დანიის ალეუტის კუნძუ-ლების გუბერნატორი გახდა . რეგინას გათხოვების ცნობამ კირკეგორი შეარყია. მან წერილში მიმართა შლეგელს: “ამ ცხოვრებაში იგი თქვენი კუთვნილება იქნება, ისტორიაში იგი ჩემთან ერთად შევა.”ს.კირკეგორმა რეგინას უძღვნა თავისი ორი “სამოძღვრო სიტყვა”; რეგინას უანდერძა მთელი თავისი ქონება.
რეგინასთან სორენის განშორების საიდუმლოს კირკეგორის ფილოსოფიის მკვლევართა ერთი ნაწილი კირკეგორის იმპოტენტობით ხსნის. ამ მოსაზრებას, უეჭველია ამაგრებს ის ვითარებაც, რომ კირკეგორი იყო ავადმყოფი როგორც ფიზიკუ-რად ასევე სულიერად. მეორენი კირკეგორის მიერ საყვარელ ადამიანთან ამ უცნაურ განშორებას ადარებენ აბრაჰამის მიერ თავისი ერთადერთი შვილის ღმერთისთვის მსხვერპლად შეწირვას. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც რომ ეს ბიბლიური სიუჟეტი კირკეგორის საყვარელი თემაა და “ ძრწოლის ცნებაში” იძლევა მის დეტალურ ანალიზს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგინა შლეგელმაც სწორედ ასეთი ახსნა მისცა კირკეგორის ნაბიჯს “მან ჩემი თავი ღმერთს შესწირა” – წერდა იგი კირკეგორის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ. რეგინასთან სორენის განშორების ამგვარი ახსნა ახლოა სიმართლესთან იმ თვალსაზრისით, რომ აქ ბიბლიური სიუჟეტის ანალოგიით მსხვერპლად შეწირული ძვირფასი უკანდაბრუნების, გამოხსნის შესაძლებლობაც იგულისხმება ღმერთის შემწეობით, ღმერთის უღრმესი რწმენის შემწეობით, და ამგვარი ფინალი კირკეგორის სანუკვარი ოცნება იყო, მაგრამ რამდენადაც კირკეგორისთვის ყოველივე ეს უაღრესად პრობლემატური იყო და არა პოზიტიურად გადაწყვეტადი, ამიტომ არც ეს მოსაზრებაა სავსებით გასაზიარებელი. Uფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ თავად კირკეგორმა უძღვნა თავისი თავი ღმერთს, თავისი ცხოვრება უძღვნა ღმერთის ძიებას, ცხოვრების აზრის, არსებობის საზრისის ძიებას, საყრდენის ძიებას რა თქმა უნდა საზოგადოდ ფილოსოფიური კვლევის, ფილოსოფიური მოღვაწეობის უძირითადესი ამოცანა სწორედ არსებობის საზრისის ძიებაა, მსოფლმხედველობრივი საყრდენის ძიებაა და ამ თვალსაზრისით კირკეგორის წინაშე რაიმე ახალი პრობლემა, უჩვეულო ამოცანა არ მდგარა, მაგრამ კირკეგორის ფილოსოფიაში ეს ძველთაძველი პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით წამოიჭრა, იმის გამო, რომ ინდივიდიდან ამოსვლისა და ყოველივე ზოგადის, ზოგადაადამიანურის უარყოფის შემდეგ მას ნაკლები შანსი დარჩა არსებობის საზრისის მოკვლევისა, მსოფლმხედველობითი საყრდენის მოპოვებისა. ამიტომაც იყო, რომ კირკეგორთან არსებობის საზრისისა და მსოფლმხედველობრივი საყრდენის ძიება ყოფნა-არყოფნის საკითხად იქცა და იგი ამ ძიებას შეეწირა კიდეც. სწორედეს იყო მიზეხი, მიუხედავად უდიდესი სიყვარულის კირკეგორის განშორება რეგინა ოლსენთან. შორენს მართლაც არ შეეძლო ამ ქალიშვილის გაბედნიერება.
რეგინასთან განშორებამდე ორი კვირით ადრე კირკეგორმა დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე : “ირონიის ცნება განხილული სოკრატეზე დაყრდნობით.” დისერტაციაში ავტორი ავლენს არა მარტო პლატონის სოკრატული დიალოგების ზედმიწევნით ცოდნას არამედ ჰეგელის ფილოსოფიის ცოდნასაც, რაც მან უნივერსიტეტში მიიღო დანიელი ჰეგელიანელებისგან – ჰაიბერისა და მაზრტენსენისგან. რეგინასთან განშორებიდან ცოტა ხნის შემდეგ კირკეგორი გაემგზავრა ბერლინში შელინგის ლექციების მოსასმენად. ჰეგელის ფილოსოფიისადმი იმედგაცრუებული კირკეგორი მთელ იმედებს უკავშირებდა შელინგს, რამდენადაც შელინგი სწორედ ჰეგელის პანლოგიციზმისადმი დაპირისპირებით ცდილობდა ახალი, პოზიტიური ფილოსოფიური სისტემის აგებას, რომლის საგანიც იქნებოდა თავად სამყარო, სინამდვილე და არა ლოგიკური იდეა, ცნებები… როგორც გ.თევზაძე აღნიშნავს, ტერმინები “ეგსისტენცფილოსოფია” და “ეგსისტენცი” კირკეგორმა “ ალბათ აქ მოისმინა პირველად კათედრიდან, თუმცა სიტყვა ექსისტენცი მის დღიურში უკვე 1835 წელს ჩნდება. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ კირკეგორი რწმუნდება, რომ “ როცა სინამდვილეზე ლაპარაკობდა, შელინგს მხედველობაში ჰქონდა არა თავად ის, არამედ აზრი მის შესახებ… კირკეგორი კი დარწმუნებული იყო, რომ სინამდვილე მხოლოდ განცდათა მთლიანობაა… ტკივილის შესახებ აზრში იკარგება ტკივილის განცდა, ადამიანის ცნებაში – კონკრეტული ადამიანი” . ოთხი თვის შემდეგ შელინგის ახალ ფილოსოფიაშიც საბოლოოდ იმედგაცრუებული კირკეგორი ტოვებს ბერლინს, ბრუნდება სამშობლოში, კოპენჰაგენში და იწყებს ინტენსიურ შემოქმედებით მოღვაწეობას სრულ ჩაკეტილობაში.
1843 წელს ვიქტორ ერემიტის ფსევდონიმით გამოდის კირკეგორის ვრცელი ოთხტომეული. ნაშრომი ესთეტიკასა და ეთიკის საკითხებზე “ან-ან”. კირკეგორის ამ ნაწარმოებს (მხოლოდ მას!) წარმატება ხვდა წილად (იგი მეორედ გამოიცა 1849 წელს) და კირკეგორი კოპენჰაგენის ცნობილი პიროვნება გახდა, რამდენადაც არავისთვის იყო უცნობი, ვინ იმალებოდა ხსენებული ფსევდონიმის უკან (ასევე ცნობილი იყო კირკეგორის სხვა ფსევდონიმები, მისი თანამემამულეებისათვის). მაგრამ სახელის მოხვეჭამ კირკეგორს კარგი არაფერი მოუტანა. Bიოგრაფიული ელემენტებით საკმაოდ გადატვირთულ მის ნაწარმოებებში ( “მაცდურის დღური” , “განმეორება”, “დამნაშავე ვარ? არ ვარ დამნაშავე?” და სხვ.) . კოპენჰაგენის საზოგადოებამკირკეგორის რეგინა ოლსენთან განშორების ლიტერატურული გამოხატულება დაინახა და ობივატელთა აღშფოთება გამოიწვია. ქალაქის სატირულმა ჟურნალმა “კონსარმა” კირკეგორი აქცია განუწყვეტელი თავდასხმების საგნად. კოპენჰაგენის ქუჩებში კირკეგორს თან სდევდა გამვლელთა ლანძღვა-გინება, პატარა ბიჭები “ან-ან”-ის ძახილით დასდევდნენ მას და ქვებს ესროდნენ. თავად კირკეგორის სიტყვებით, “თუკი კოპენჰაგენი ოდესმე საერთო აზრისა ყოფილა ვინმეზე, უნდა ვაღიარო, რომ იგი ერთსულოვანია ჩემს მიმართ; მე ვარ მუქთახორა, უსაქმური, უქნარა, ფუქსავატი” “მთელი მოსახლეობისთვის მე ვარსებობ როგორც სანახევროდ ჭკუაზე შემცდარი”. მთელ ქალაქში კირკეგორს არ ჰყავდა არც ერთი გულშემატკივარი, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო აძლიერებდა კარჩაკეტილობისადმი, განმარტოებისადმი მის მიდრეკილებას.
ერთი შვება, თუკი შვება შეიძლება ეწოდოს ამას, კირკეგორისთვის შემოქმედება იყო. თანამემამულეთა თვალში ნახევრადშეშლილი, მუქთახორა , უქნარა და ფუქსავატი კირკეგორი, სწორედ რომ საარაკო ნაყოფიერების შემოქმედი იყო. “ან-ანის” შემდეგ მან სხვადასხვა ფსევდონიმით გამოსცა დაახლოებით 15 ტომის მოცულობის თხზულებანი და დატოვა კიდევ უფრო მეტი – 20 ტომამდე ხელნაწერი მემკვიდრეობა. Yველაფერი ეს მან შექმნა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. Gანსაცვიფრებელი და პარადოქსული აქ ისაა, რომ ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით ეს პირველხარისხოვანი ლიტერატურე კირკეგორმა შექმნა პრაქტიკულად სოციალური დაკვეთის გარეშე, თითქოსდა ეპოქის მოთხოვნის გარეშე. კირკეგორი ყოველივე ამას თითქოსდა თავისთვის წერდა, შემოქმედება მისთვის თითქოს თავის გადარჩენის გზა იყო. თავის თავს იგი თავადვე ადარებდა შეხრაზადას, რომელიც თავის სიცოცხლეს ზღაპრის მოყოლით იფარავდა. მაგრამ მიუხედავად თანამედროვეთა მიერ ვერ გაგებისა, კირკეგორმა კარგად იცოდა თავის ნაშრომთა წარუვალი ღირებულების შესახებ მომავალი თაობებისთვის. “ჩემი სიკვდილის შემდეგ მარტო “შიში და თრთოლა” იქნება საკმარისი ჩემი სახელის უკვდავებისთვის”, – წერდა იგი თავის დღიურში.
შიცოცხლის ბოლო წლებში კირკეგორი იწყებს მძაფრ პოლემიკას ოფიციალური რელიგიის წარმომადგენლებთან. მისი თვალსაზრისით, თანადროული ქრისტიანობა, როგორც ეს პროტესტანტულ ეკლესიასწარმოუდგება, მკვთრად განსხვავდება ადრეული ქრისტიანობისაგან, ახალი აღთქმის პირველი პირველი წლების ქრისტიანობისაგან და სახელმწიფო რელიგიის წარმომადგენლებისაგან მოითხოვდა ეცნოთ ეს განსხვავება. სახელდობრ კირკეგორის მიხედვით, დღევანდელი ქრისტიანობის მიერ აღიარებული შემწყნარებლობა უპირისპირდება ახალი აღქმის სიმკაცრეს. Qრისტიანობა თავისი მარადიული ცხოვრების სახელით მოითხოვს ამქვეყნიური ცხოვრების სიძულვილს, თანამედროვე ადამიანები კი, თუმცა თავიანთ თავს ისინი “ქრისტიანებად” თვლიან, უყვართ ცხოვრება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. “ქრისტიანობის შესავალში” კირკეგორი ჭეშმარიტ ქრისტიანობაში შესვლის აუცილებელ პირობად მიიჩენვს პირადი ცოდვების გაცნობიერებასა და მონანიებას და არა ზოგადად არამიანური ცოდვებისა. კირკეგორი აქ, ისევე როგორც სხვა შრომებში ებრძვის ადამიანურ ქედმაღლობას, რასაც ახალ ეყრება საფუძველი და რაც, მისი აზრით, ღმერთისგან ჩვენი დაშორების მიზეზი გახდა.
ეკლესიასთან კამათი უკიდურესად დაიძაბა. შიკვდილამდე ცოტა ხნი ადრე კირკეგორი მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის ხარჯზე იწყებს ანტიკლერიკალური გაზეთის “წამების” გამოცემას, რომლის ერთადერთი თანამშრომელიც თვითონ იყო. შულ გამოსცა გაზეთის ცხრა ნომერი, მეათე გამზადებული ნომრის გამოცემა კირკეგორმა ვეღარ მოასწრო. უდიდესმა ნერვიულმა დაძაბულობამ კირკეგორს ძალა გამოაცალა, იგი გონდაკარგული ქუჩაში დაეცადა რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში უზიარებლად (ზიარებაზე, სორენმა უარი განაცხადა). ეს მოხდა 1855 წლის 11 ნოემბერს. საფლავის ეპიტაფია მან სიკვდილამდე დიდი ხნის წინ (1848 წ.) ამოირჩია: “ის მარტოსული – Jener Einzele “

4 Responses to “სორენ კირკეგორი”

  1. undone September 14, 2010 at 12:53 pm #

    დიდი მადლობა ამ თარგმანისთვის. გთხოვთ განაგრძოთ ბლოგინგი!

  2. ზურაბი December 25, 2011 at 7:51 pm #

    ქართულ მწერლობაში დანიური ,,Kierkegaard” პირველად კონსტანტინე გამსახურდიამ გადმოაქართულა 1920–იან წლებში ,,კირკეგოდ”. მერე ეს ვარიანტი გაიმეორეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ 1970–იან წლებში ,,ოქროს საწმისში”. ფილოსოფიის ისტორიკოსმა კოტე ბაქრაძემ 1960–იან წლებში თქვა ,,კიერკეგორი”, რუსების გავლენით. მოგვიანებით პროფესორმა გურამ თევზაძემ ,,კირკეგორი” დაამკვიდრა, ასევე რუსების გავლენით. მე ამ საკითხში მწერალს უფრო ვენდობი, რადგან მას უკეთ ესმის სიტყვის საიდუმლო.

  3. ზურაბი December 25, 2011 at 8:15 pm #

    კირკეგო ყოველთვის ჩვენს ტერენტი გრანელს მაგონებდა. ისინი ნამდვილი სულიერი ძმები არიან: ერთნაირად გრძნობენ ადამიანის სიმცირეს და უმწეობას ანუ ღვთის სამუდამოდ მიუწვდომლობას. ასეთ პირობებში ცხოვრება ემსგავსება საბედისწერო გამოცანას და მისი ამოცნობის ტრაგიკულ მცდელობას. ეს საიდუმლოება გრანელს გრძნობად აღქმებში ეცხადებოდა და პირდაპირ გულს უბურღავდა. კირკეგოს კი იგი გამოეცხადა პირადი სექსუალური საიდუმლოს სახით. მას ერთნაირად ეწადა ამ საიდუმლოს თქმაც და დაფარვაც; იმ ბოროტმოქმედს ჰგავადა, ვინც მკვლელობის ადგილას დაწრიალებს მიწყივ. ამიტომ აირჩია ,,ირონიის მეთოდი”. ამ ირონიით ანაყოფიერებდა ის თავის გენიალურ საიდუმლოს. გრანელს კი საერთოდ არ შეეძლო ხუმრობა, რამაც ჭკუიდან შეშალა კიდეც. კარგია, როცა თოვაში მარტოდმარტო მიაბიჯებ და ფიქრობ კირკეგოსა და გრანელის სიახლოვეს…

  4. ზურაბი December 25, 2011 at 8:43 pm #

    ,,სოციალურ ქსელში” ჩართულო ძმებო, მიხარია, რომ კირკეგოს კითხულობთ. მაგრამ გახსოვდეთ: წიგნის კითხვა მხოლოდ ჩვევის გამო არ უნდა ხდებოდეს. მასში მთავარია არა ,,პროფესიონალიზმი”, არამედ სულის ზრდა. თუ კირკეგო მართლა ახლოსაა თქვენს გულთან, მაშინ ცოტა კრიტიკულად შეხედეთ დასავლურ ცივილიზაციას, ამ საძაგელ სნეულებას. კირკეგოს თხზულებებში ხომ ესაა მთავარი?! რა უნდა იმის დანახვას, რომ ჩვენი ,,პროდასავლურობა” აზროვნების შედეგი კი არაა, არამედ მედროვეთა პოლიტიკური ამბიციებისა. ჩვენში პოლიტიკურ მოძრაობას დასავლეთელი ბატონები აფინანსებენ, რის გამოც ყველა მედროვე დასავლეთს
    ეპრანჭება და ,,დასავლურ ფასეულობებზე” ქაქანებს. ასე თუ არ მოიქცა, დასავლელი ბატონები ჩაძირავენ და გარიყავენ. აი ჩვენი მედასავლეთეობის მთელი საიდუმლო. კირკეგოს ეზიზღებოდა დასავლური რაციონალიზმი და დემოკრატია. და ენატრებოდა ადამიანის პირადი მიმართება ღმერთთან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: