გაბრიელ მარსელი

16 Feb

საფრანგეთში ამ ტიპის სპირიტუალიზმი თავდაპირველად მარსელის შრომაში ჟოურნალ Metaphisique (1927 წ.) დაფიქსირდა და ,,სულის ფილოსოფიის” სახასიათო სახელი დაიმკვიდრა.

დრამატურგი და ლიტერატორი გაბრიელ მარსელი შემდეგი ფილოსოფიური ხასიათის შრომების ავტორია: ,,მეტაფიზიკური გაზეთი” (1927 წ.); ,,ყოფნა და ქონა” (1935 წ.); ,,უარყოფიდან მოხმობამდე” (1939 წ.); ,,Homo viator” (1944 წ.); ,,ყოფნის საიდუმლოება” (1952 წ.); ,,პრობლემური ადამიანი” (1955 წ.).

მარსელის ფილოსოფიის ინტიმისტურ ტენდენციაზე უკვე ის ფაქტი მეტყველებს, რომ თავისი ნააზრევის გადმოსაცემად ეს ავტორი დღიურის ფორმატს ანიჭებს უპირატესობას (,,მეტაფიზიკური გაზეთი” და ,,ყოფნისა და ქონის” პირველი ნაწილი). ეს ტენდენცია მკაფიოდ იკვეთება სხვა მის ნაწერებშიც, რომლებიც ხშირად ავტორის პირადი აღსარების ფორმას იძენენ. მეტაფიზიკური გაზეთის ექსისტენციალისტური ტონი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნაშრომში მარსელი უარს ამბობს განიხილოს ,,მე”-სა და ღმერთის პრობლემები, როგორც ობიექტურ სივრცეში, ანუ ანალიზის ან რაციონალური მტკიცებულებების მეშვეობით გადაჭრადი. საბოლოოდ კი მარსელი იქამდე მიდის, რომ ამ ცნებებს საერთოდ აღარ განიხილავს პრობლემათა სახით: ყოფნა (როგორც ადამიანური ,,მე”-ს, ისე ღმერთის ყოფნა) არა პრობლემა, არამედ საიდუმლოებაა.

პრობლემა და საიდუმლოება

პრობლემა არის რაღაც ჩვენს წინაშე მდგომი, რაღაც ისეთი, რაზეც პიროვნული დაინტერესების გარეშე შეგვიძლია მსჯელობა. საიდუმლო კი ადამიანს მოიცავს, ის მტკიცებულებისა და დასაბუთების მიღმეულია. მარსელისთვის საიდუმლოება არ ნიშნავს იგივეს, რასაც შეუცნობელი ან ამოუცნობი, ის აღნიშნავს არსებულ და განცდილ რეალობას, რომელიც ვერ გამოიხატება ობიექტური თუ განსაზღვრებადი პრობლემის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით საიდუმლოება არის ,,მეტაპრობლემა”, რომელიც ჩვენი შინაგანი სამყაროს გამოცდილებაში მოგვეცემა.

წიგნში ,,ყოფნა და ქონა” მარსელი ამგვარად განსაზღვრავს პრობლემასა და საიდუმლოებას შორის განსხვავებას: ,,საიდუმლოება პრობლემაა, რომელიც საკუთარი მონაცემების უზურპაციას აკეთებს, იჭრება მათში და ამიტომაც ლახავს მათ, როგორც პრობლემას”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარსელისთვის პრობლემა მონაცემთა ერთობლიობაა, რომლებიც ერთად უნდა მოთავსდეს და სინთეზურად უნდა შეთანხმდეს. პრობლემის ცნების ამგვარი განმარტებიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ მარსელი უარყოფს იმას, რომ არსებობა პრობლემაა.

ქონის კატეგორია

პრობლემა დომინირებს ობიექტივიზაციისკენ მიდრეკილი განხილვისთვის ტიპურ ქონის კატეგორიაში. მართლაც, ამ კატეგორიაში განხილული ტერმინები ობიექტური და უცხოა სუბიექტისთვის, რომელიც განიხილავს მათ. ამ ტერმინების ერთად მოქცევა და მათი სინთეზური მაკავშირებლის აღმოჩენა სწორედ რომ პრობლემას წარმოადგენს. ტერმინების გარეგნულობა გავლენას ახდენს ქონაზე, რამდენადაც ფლობის საგნის გარეგნულობასა და მასზე ბატონობას გულისხმობს. მაგრამ სინამდვილეში ქონის კატეგორია სამყაროსადმი ადამიანის დამონების კატეგორიაა, რადგანაც ფლობის საგანზე ბატონობას აქვს უკუქცევისა და, პირიქით, ფლობის საგნის მფლობელზე ბატონობად გადაქცევის ტენდენცია. ქონის კატეგორიაში მცხოვრები ადამიანი თავის სოციალური, ანუ სასიცოცხლო ფუნქციის თვალსაზრისით სქემატიზებული, სამყაროსა და მისი პრობლემების სიცარიელესთან დაკავშირებული ადამიანია.

ყოფნის ძიება

მარსელს სურს, მეტაფიზიკური იყოს, რამდენადაც ის სულის მეშვეობით სულით სულ უფრო მდიდარ სიცოცხლეს ეძებს და ამ ძიებისას სისტემატურობის ბორკილებს უარყოფს. ერთი სიტყვით, მეტაფიზიკა არა ყოფნის შესახებ კვლევა (enquête sur l’être), არამედ ყოფნის ძიებაა (quête de l’être).

ყოფნა და საიდუმლოება: სიყვარული და ერთგულება

ქონასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიღმა, ყოფნა იმ საიდუმლოებაში მჟღავნდება, რომლითაც თავს იბურავს. მის წინაშე ერთადერთი შესაძლო დამოკიდებულება უკვე არა ანალიზისა და პრობლემატიზაციის, არამედ სიყვარულისა და ერთგულების დამოკიდებულებაა, რის გამოც ადამიანი იხსნება საიდუმლოების მოქმედების მიმართ და ექვემდებარება მის გავლენას. მართლაც, სიყვარულსა და ერთგულებაში საიდუმლოება ვლინდება აბსოლუტური ,,შენ”-ის სახით, რომელსაც ,,მე” მიეკუთვნება და რომელსაც ვერ ეტყვის უარს საკუთარ თავზე თუ არა თვითანულირების პირობით (du refus à l’invocation, 1940). საიდუმლოების აღიარება ადამიანთა შორის სიყვარულის პირობაა. ,,არსებებს მხოლოდ ჭეშმარიტებაში შეუძლიათ ურთიერთშეთანხმება, ის კი განუყოფელია იმ დიადი საიდუმლოების აღიარებისგან, რომელიც ყველას გვაკრავს გარს და რომელშიც გვაქვს ჩვენი ყოფნა” (იქვე). ერთგულება და სიყვარული ადამიანს არაპრობლემატიზებად რეალობაში ათავსებენ, და ამიტომაც ეს რეალობა თავის სუბიექტურობაში აფუძნებს ადამიანს.

,,ფიქრი რაიმეზე

რაც შეეხება ყოფნას, რომელიც არის თითოეული ჩვენგანი და, ამავე დროს, არის ინტერსუბიექტურობა, აქ პრობლემა ვერ იარსებებს. ყოფნა არის განცდილი და პრობლემად გადაუქცევადი თანსწრება. ყოფნა არ არის აზროვნების საგანი, ანუ არ შეიძლება ყოფნის გააზრება, შეიძლება მხოლოდ ყოფნაზე ფიქრი. ერთი სიტყვით, პრობლემის შემთხვევაში გვაქვს ,,გააზრება”, საიდუმლოების შემთხვევაში კი-,,ფიქრი რაიმეზე”. ყოფნას უპირისპირდება ქონა, ანუ საგანთა, გარეგან ფაქტთა, ინსტიტუტთა, ტექნიკათა,-ყოველივე იმის ერთობლიობა, რაც შინაგან სამყაროს გარეთაა და სტატისტიკასა და მეცნიერულ ფორმულებს ესადაგება.

ერთიანობა

არსებობა ყოფნაა და არა ქონა, ის შინაგანი სიახლოვე და ერთიანობა, ,,მე”-სა და ,,შენ”-ს შორის დიალოგია. პიროვნება ერთდროულად სიტუაცია და სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაა. თუმცა, პირველ რიგში ერთიანობა მყარდება აბსოლუტურ ,,შენ”-თან, რომელიც მიუწვდომელია დამამტკიცებელი აზროვნებისთვის, მაგრამ ვისი არსებობაც შინაგანი მოთხოვნილებისა და გამოცდილების საფუძველზე მკვიდრდება. ტრანსცენდენტობა არსებითია ადამიანისთვის, როგორც გახსნა სხვისა და ღმერთის მიმართ.

რწმენა, იმედი და სიყვარული

ერთიანობა ხორციელდება ,,რწმენით” (ერთგულება), ,,იმედითა” და ,,სიყვარულით”. ღმერთის წინაშე რწმენა ლოცვა და თაყვანისცემაა, რომლებიც ნაყოფიერი სულიერი ცხოვრების სივრცეს უშლიან ადამიანს. ეს არის მარსელის პასუხი თანამედროვე სასოწარკვეთილებაზე, იასპერსის ,,კატასტროფაზე”, სარტრის ,,ფუჭ ვნებასა” და დეზორიენტაციის საერთო განცდაზე, რომელიც ბატონობს თანამედროვე სამყაროში. ამ ძირეულ მიმართულებებს მარსელი თავის ნარკვევებსა და დრამებში განავრცობს.

მარსელის პოზიციას ქრისტიანულ ექსისტენციალიზმს უწოდებენ, თუმცა თავად მარსელი ექსისტენციალისტთა შორის თავისი მოხსენიების წინააღმდეგია და საკუთარ ნააზრევს ნეოსოკრატიზმს უწოდებს, რადგანაც ის გარეგანის, უპიროვნოს, მეცნიერული ობიექტივიზმის წინაშე ადამიანის შინაგანი სამყაროს ღირებულებათა განმტიცებას ემსახურება. სიმართლე რომ ითქვას, ქრისტიანობაზე საუბარი იმ თვალსაზრისით შეიძლება, რომ მარსელის ნააზრევი ქრისტიანობისადმი გახსნაა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის მკაფიოდ ქრისტიანობისადმი მიმართებაა. მარსელის ფილოსოფიას შეიძლება თეისტური ექსისტენციალიზმი ვუწოდოთ, რამდენადაც ის ადამიანთან ერთიანობაში მყოფი ღმერთის პიროვნებას განამტკიცებს; ის ექსისტენციალიზმია არა იმ თვალსაზრისით, რომ მარსელი იღებს ექსისტენციალიზმის სხვა ფორმებისთვის დამახასიათებელ უკიდურესად გამწვავებულ სისასრულეს, არამედ რადგანაც ავტორი კონცეპტუალურ სისტემატიკასთან შედარებით სულიერი გამოცდილების აღნიშვნასა და ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას.

თანამედროვე საზოგადოების კრიტიკა

ფილოსოფია ადამიანს იქამდე უნდა მიუძღვეს, სადაც მისთვის შესაძლებელი გახდება ,,გამოცხადების გამანაყოფიერებელი გამოსხივება”, ფილოსოფიას თავად არ მიჰყავს ადამიანი რაიმე განსაზღვრულ რელიგიასთან. მარსელის უკანასკნელი შრომები ძირითადად თანამედროვე საზოგადოების კრიტიკას ეძღვნება, ხოლო ამ საზოგადოების ბოროტებათა წინააღმდეგ მისამართ საშუალებად ავტორი რელიგიური სულიერების ღირებულებებს მიიჩნევს.

მარსელისთვის ფილოსოფოსობა საკუთარი შინაგანი გამოცდილების ნაბიჯ-ნაბიჯ შეცნობა და განცდაა. ამ თვალსაზრისით შეუძლებელია ფილოსოფიის მეცნიერების მეთოდებამდე დაყვანა, რადგანაც მეცნიერება თავისთავად უპიროვნო, ობიექტივიზმისკენ მიდრეკილი და ზოგადი მნიშვნელობის მატარებელია, ამიტომაც ის სულიერ და არაკლასიფიცირებად ადამიანურ გამოცდილებას ეწინააღმდეგება. მეტაფიზიკას კატეგორიათა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემა კი არა, ადამიანის საკუთარ თავზე განსჯა შეადგენს.

One Response to “გაბრიელ მარსელი”

  1. Koka shani July 29, 2011 at 8:23 pm #

    კოკა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: